პარლამენტმა პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო დაძლია - იცვლება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი

ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ურჩია, შესწორებები ამ სახით არ მიიღოს.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ხმების უმრავლესობით გადალახა პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესების ცვლილებების შესახებ.
თავდაპირველად კენჭისყრა გაიმართა პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტის ვარიანტზე, რომელმაც ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა, მოგვიანებით კი კენჭისყრა გაიმართა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე, რომელზეც პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს შესთავაზა, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეულ იქნენ ამჟამად არსებული წესით – არანაკლებ 90 ხმით (76-ის ნაცვლად). ამავე დროს პრეზიდენტი დავობს კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივის გადაცემაზეც.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ შესწორებების მიღება გადაწყვიტა მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრე ევროკომისიამ ის დაიწუნა.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარი მორიგი სტრატეგიული შეცდომა იქნება - პრემიერი>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, რომელიც 2023 წლის 22 ივნისს გამოქვეყნდა, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 პირობიდან ერთ-ერთი შეასრულოს, საარჩევნო კოდექსში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით შესწორებების შეცვლაა საჭირო.
სწორედ ევროკომისია მოამზადებს ოქტომბერში რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ცვლილებების არსი
ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს. ის შექმნის ასევე საკონკურსო კომისიას.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში საქართველოს პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელიც იქნება. საკანონმდებლო ორგანოსთვის კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი ეყრება პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.
იცვლება ასევე არჩევნების პროცედურა და კვორუმი. კერძოდ, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანდიდატებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობებზე ხმათა უბრალო უმრავლესობით (76 ხმა), ისინი თანამდებობებს ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოგვიწევს - ირაკლი კობახიძე>>
ამჟამად ცესკოს თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს დეპუტატები ხმათა 2/3-ით ხუთი წლის ვადით ირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტარდება განმეორებითი კენჭისყრა და მაშინ გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 ხმა ჰყოფნის. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 6 თვეს შეადგენს.
2021 წელს ამ ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტიდან პარლამენტი ვეღარ ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით.
ამ დროისათვის საქართველოს ცესკოს ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც პირველად ექვსი თვით 2022 წლის თებერვალში აირჩიეს. საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა მისი კანდიდატურის კიდევ ერთხელ წარდგენაზე, ხოლო პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში ჩავარდა.
ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას და მას მმართველი პარტიის მიერ ხელდასმულს უწოდებს. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების შემდეგ გაძლიერდა.