თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი საოპერო მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
კულტურის სამინისტრომ მიუსამძიმრა მუშკუდიანის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.
„სრული დიაპაზონის ლამაზი და სასიამოვნო ტემბრის ბანმა, მუსიკალობამ, არტისტულმა გარეგნობამ თენგიზ მუშკუდიანს ნამდვილი აღიარება მოუტანა", – აღნიშნეს სამინისტროში.
თენგიზ მუშკუდიანი 1954 წლიდან წამყვანი სოლისტი იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც ასრულებდა ბანის პარტიებს: ბორისი, პიმენი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი"), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი"), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი"), დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი"), გალიცკი (ბოროდინის „თავადი იგორი"), ცანგალა, ენგიჩარი (ფალიაშვილის „დაისი", "ლატავრა"), ხევისბერი (თაქთაქიშვილის „მინდია"), შერგილი (ლაღიძის „ლელა"), მეფე გიორგი (ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი"), დონ ჯოვანი (მოცარტის „დონ ჯოვანი").
ამას გარდა, მუშკუდიანი გადაღებულია კინოფილმებში „აბეზარა" და „დიდოსტატის მარჯვენა". პედაგოგად მუშაობდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში, რომლის დირექტორიც იყო 1985–2005 წლებში; ასევე იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი.