უკრაინამ Georgian Airways-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა: ვიცე-პრემიერის განმარტება

უკრაინის პრეზიდენტმა Georgian Airways-სა და მის დირექტორ თამაზ გაიაშვილს სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც კომპანიამ რუსეთში ფრენების განხორციელება დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და მისი დირექტორის თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესაბამისი განკარგულება ძალაში შაბათს, 1 ივლისს შევიდა. განკარგულების თანახმად, კომპანია 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს უკრაინის ტერიტორიის გავლით აქტივების განკარგვას, სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას, ფრენების, მათ შორის ტრანზიტული ფრენების განხორციელებას და ქვეყნიდან კაპიტალის ექსპორტს.

„ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო ნამდვილად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რადგანაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთში უამრავი ავიაკომპანია დაფრინავს და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

უკრაინულმა მხარემ მსგავსი არამეგობრული ნაბიჯები ადრეც გადადგა, აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, 2022 წლის ოქტომბერში უკრაინამ სანქციების ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი. ყველა მათგანი დაკავშირებულია საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან.

„ჩვენ ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების არამეგობრული გადაწყვეტილება და მსგავსი ფაქტები გვქონდა წინა შემთხვევებშიც, როდესაც უკრაინამ ე.წ. სანქციები დააწესა საქართველოს რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, არ ჯდება იმ ქვეყნების ურთიერთობის სტანდარტში, რომელიც საქართველოსა და უკრაინას აქვთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ზელენსკის განკარგულებით სანქციების სიაში მოხვედრილ საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ გაუყინეს უკრაინული აქტივები და გაუუქმეს არსებული ლიცენზიები, არამედ აუკრძალეს უკრაინის გავლით ვაჭრობა ან საქონლის ტრანზიტი.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინის გადაწყვეტილებაზე შესაბამისი რეაგირება ექნება.

„რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევებში ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამაზე რეაგირება, დარწმუნებული ვარ, ახლაც იქნება შესაბამისი რეაქცია", – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან ქართული ოპოზიციაც კავშირშია.

„ჩვენ ვიცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან. ალბათ საფუძველიც ზუსტად ეს არის იმ გადაწყვეტილების, რაც მიიღეს – როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და, შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზიანებს და არანაირად არ არგებს", – განაცხადა დავითაშვილმა.

თავის მხრივ, პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ავიაკომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიმართ უსამართლოა.
გაიაშვილი: Georgian Airways-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა>>>
თვითონ Georgian Airways-ის დირექტორმა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკური და უსამართლო უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება სანქციების შემოღებაზე მყისიერ და ანალოგიურ პასუხს გასცემს.
რაც შეეხება თამაზ გაიაშვილს, მის მიმართ სანქციები, მათ შორის სავაჭრო ოპერაციების აკრძალვა, აქტივების ბლოკირება ასევე 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
უკრაინამ სანქციებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც Georgian Airways რუსეთში ფრენების განხორციელებას შეუდგა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. გაუქმების შემდეგ პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ 19 მაისს შეასრულა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა.
ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.