საქართველოს საგარეო უწყების განცხადება Georgian Airways-ის სანქცირებასთან დაკავშირებით

უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო შეშფოთება გამოხატა და გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში უკრაინის საკითხებში დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კიევის მიერ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და მისი დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის სანქცირების გამო დაიბარეს.

„შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანიის სანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა უკრაინაში საქართველოს ელჩმაც.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესაბამისი განკარგულება ძალაში შაბათს, 1 ივლისს შევიდა. განკარგულების თანახმად, კომპანია 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს უკრაინის ტერიტორიის გავლით აქტივების განკარგვას, სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას, ფრენების, მათ შორის ტრანზიტული ფრენების განხორციელებას და ქვეყნიდან კაპიტალის ექსპორტს.
შეხვედრა, რომელზეც ქართული ავიაგადამზიდის წინააღმდეგ სანქციების დაწესება განიხილეს, დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.
უკრაინამ Georgian Airways-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა: ვიცე-პრემიერის განმარტება>>
უკრაინის პრეზიდენტმა 1 ივლისს სანქციები დააწესა 190 ფიზიკური პირისა და 290 კომპანიის მიმართ. მათ შორისაა Georgian Airways და თამაზ გაიაშვილი.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს, ხოლო Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას სანქციების დაწესების საპასუხოდ დაუყოვნებლივ და ანალოგიურ პასუხს გასცემს.
ზელენსკიმ 2022 წლის 30 მარტს საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია. მიზეზი გახდა დიპლომატების არასაკმარისი პროდუქტიული მუშაობა, რადგან ქვეყნები, სადაც ისინი მუშაობდნენ, არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ ელჩის მოვალეობას საქართველოში ანდრეი კასიანოვი ასრულებდა.
გაიაშვილი: Georgian Airways-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა>>
კასიანოვმა 2023 წლის მაისსის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ამჟამად ელჩის მოვალეობას ალექსანდრ შულგა ასრულებს.
უკრაინის მხრიდან სანქციებზე მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი, რაც Georgian Airways-მა, ერთადერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენა დაიწყო.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს პირველი რეისი რუსეთიდან საქართველოში შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულებას დაიწყებს კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings.
ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.