წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 21 მსჯავრდებული აბარებს

მსჯავრდებული აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებში მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 21 მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დღეს პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი დაიწყო.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. პატიმართათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ მოქმედებს, რომელიც უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აკადემიური სწავლების ხარისხს", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისამდე გასტანს.
მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნა ამბროლაურშიც.
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.