თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. გზა გაწმენდილია, ველოდებით ექსპერტებისგან დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ აღდგება მატარებლის მოძრაობა, განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო გადაყვანების დირექტორის მოადგილემ პაატა მუჯირმა.
„საქართველოს რკინიგზა“ აჭარის, სამეგრელოსა და ერევნის მიმართულებით რეისების შესრულებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გუშინ ჩამოწოლილი მეწყრის გამო ვერ ახერხებს.
მუჯირის განცხადებით, ხვალ დილამდე ყველა რეისი შეჩერებულია. როგორც მან აღნიშნა, მგზავრებს ბილეთების ღირებულება სრულად აუნაზღაურდებათ.
„გზაზე ექსპერტები, გეოლოგები და საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ. ამ დროისათვის გზა გაწმენდილია და ველოდებით ექსპერტებისგან დასკვნას. როდესაც გვექნება დასკვნა, რომ გადაადგილება უსაფრთხოა მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მატარებლების გადაადგილების განახლება", - განაცხადა პაატა მუჯირმა.
შაბათს ხარაგაულთან მდებარე სადგურ მარელისში ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც რკინიგზა დააზიანა. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთ საქართველოში უამინდობითა და უხვი ნალექით.