ფეხბურთი: საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს პარიზის ოლიმპიადის საგზურის მოპოვების შანსი აქვს

თუ კვირას ინგლისი მოუგებს პორტუგალიას, საფრანგეთი კი უკრაინას, საქართველოს ნაკრები საგზურისთვის უკრაინას დაუპირსიპირდება
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის 1/4-ში ისრაელის ნაკრებთან წაგების მიუხედავად, იტოვებს შანსს, რომ 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე მოხვდეს.
პარიზის ოლიმპიური თამაშები 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
ამისთვის რამაზ სვანაძის გუნდს ერთდროულად რამდენიმე გარემოებათა თანხვედრა სჭირდება. თუ კვირას ინგლისი პორტუგალიას მოუგებს, საფრანგეთი კი უკრაინას, მაშინ საქართველოს ნაკრები პლეი ოფში გავა და უკრაინას დაუპირისპირდება. ამ მატჩის გამარჯვებული კი ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს.
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში: საქართველოს 21-წლამდელები ნახევარფინალში ვერ გავიდნენ >>
რაც შეეხება ინგლისსა და საფრანგეთს, ინგლისელები ოლიმპიადის საგზურს ვერ მიიღებენ, რადგან ასეთი უფლება მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრს - დიდ ბრიტანეთს აქვს და არა ინგლისს, საფრანგეთი კი ოლიმპიადის მასპინძელია.
საქართველოს ახალგაზრდულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ძირითად დროში არც ერთი მატჩი არ წაუგია. რამაზ სვანაძის აღსაზრდელებმა მარტივად მოუგეს პორტუგალიას - 2:0, ჯგუფურ ეტაპზე ბელგიასთან და ნიდერლანდებთან მატჩები ფრედ დაასრულეს - 2:2 და 1:1. 1/4 ფინალში ისრაელის ნაკრებთან მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 0:0 დასრულდა, იგივე ანგარიშით დასრულდა ორი დამატებითი ტაიმიც.
გამარჯვებული მხოლოდ პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც იღბალი სტუმრების მხარეზე იყო - 4:3.