სამეგრელოში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა

53 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც მის წინააღმდეგ ჩვენება მოზარდმა მისცა, რომელიც 4 თვის ორსულია.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ზუგდიდში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის დაკავებულ 53 მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, იუწყება „მთავარი არხი“.
მამაკაცი 13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით პარასკევს, 30 ივნისს დააკავეს.
დედამ არასრულწლოვანი ქალიშვილი მუცლის ტკივილის გამო კლინიკაში მიიყვანა, სადაც გაარკვიეს, რომ ის ოთხი თვის ორსული იყო. ამის შემდეგ დედამ პოლიციას არ მიმართა და ამის ნაცვლად შვილი ქუთაისის კლინიკაში აბორტის გასაკეთებლად წაიყვანა. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს ექიმებმა აცნობეს.
დაკავებული და დაზარალებული მეზობლები არიან. დედამ და მოზარდმა პოლიციაში ჩვენება უკვე მისცეს.
ფაქტზე გამოძიება თავიდან სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. თუმცა, ტელეკომპანიის ცნობით, მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა 137-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს.
მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.
ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.
სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უახლოესი 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.