თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოში სიკვდილიანობა საწარმოებში უბედური შემთხვევების შედეგად 2022 წელს 41%-ით შემცირდა 2018 წელთან შედარებით, როდესაც მიიღეს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ", განაცხადა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას.
საქართველოში მრავალი წელი იდგა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის პრობლემა, რაც საწარმოებში ხშირად იწვევდა უბედურ შემთხვევებს.
სიკვდილიანობისა და საწარმოო ტრავმატიზმის შემთხვევების სტატისტიკა წლიდან წლამდე იზრდებოდა, ამიტომ 2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელშიც შრომის უსაფრთხოებისა და კონტროლის სისტემის სტანდარტებია გაწერილი. მოგვიანებით კანონი უფრო სრულყოფილი გახდა, ხოლო შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდა.
სამუშაო ადგილებზე 2022 წელს დაიღუპა 35 ადამიანი, 2021 წელს – 37, ხოლო 2018 წელს – 59.
ახლა შრომის ინსპექცია ამოწმებს როგორც უსაფრთხოების წესების დაცვას სამუშაო ადგილებზე, ისე განიხილავს სამუშაო გრაფიკის დაცვის საკითხებს, მონიტორინგს უწევს დაქირავებულთა შესაძლო დისკრიმინაციას, მათი შრომითი უფლებებისა და დამსაქმებლების მიერ შრომითი კოდექსის ნორმების დაცვას.
გარდა ამისა, წელს შრომის ინსპექციას უკვე შრომითი კოდექსის დარღვევისთვის დამსაქმებლების დაჯარიმების შესაძლებლობა აქვს. ჯარიმის ოდენობა კომპანიის შემოსავალსა და დარღვევის სახეობაზეა დამოკიდებული.