თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველო ევროპის საბჭოსთან ერთად 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის შექმნაზე მუშაობს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან თბილისში შეხვედრის შემდეგ.
ბურიჩის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. უცხოელი სტუმარი ასევე მიიღებს მონაწილეობას ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 1 ივლისს გაიმართება.
„საქართველოსთვის ევროპის საბჭოსთან ერთად შექმნილი სამოქმედო გეგმა არის ღირებული ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
როგორც ბურიჩმა აღნიშნა, მოქმედებების მიმდინარე გეგმა, რომელიც წლის ბოლოს უნდა იყოს წარდგენილი, მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლო რეფორმა, კანონმდებლობა ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ და ბავშვთა ექსპლუატაცია.
„2024-2027 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ის უახლოეს მომავალში დასრულდება და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ევროპის საბჭო ამ რეფორმების ერთგული იქნება. ეს ყველაფერი ევროკავშირში ინტეგრაციაშიც დაგეხმარებათ", – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. ამჟამად 1949 წელს დაარსებული ორგანიზაციის შემადგენლობაში 46 სახელმწიფო შედის.