თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს მიერ ინიცირებული პროექტი შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ისტორიული პროექტი უნდა გახდეს ბოლო 30 წლის განმავლობაში, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას.
შესაბამის შეთანხმებას საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 17 დეკემბერს მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
„სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება", – განაცხადა ღარიბაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ საქართველოა პროექტის ინიციატორი.
მისი თქმით, ამჟამად პროექტი შესწავლის ეტაპზეა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
„ჩვენ ველით, რომ სექტემბერში გვექნება უკვე კვლევის შედეგები და ამის შემდეგ გადავალთ უკვე მეორე ფაზაზე", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ამ ეტაპზე საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ახორციელებს.
სამომავლოდ პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის შავი ზღვის ფსკერის დეტალური შესწავლისთვის დამატებით 75 მლნ დოლარის გამოყოფას აპირებს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.