ლავროვი: მარცვლეულის გარიგების გასახანგრძლივებლად არგუმენტები არ არსებობს

Sputnik
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მარცვლეულის შეთანხმების გასაგრძელებლად არანაირი არგუმენტი არ არსებობს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ონლაინ ბრიფინგზე.

„ვერ ვხედავ, რა არგუმენტები აქვთ მათ, ვისაც სურს გააგრძელოს შავი ზღვის ინიციატივა, რადგან <...> ის უკვე დიდი ხანია კომერციული გახდა უკრაინული მარცვლეულის თვალსაზრისით“, — თქვა მან.

მანამდე ლავროვმა უკვე განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 ივლისს ეწურება, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახანგრძლივდება, თუ რუსეთის მოთხოვნები შესრულდება.
მისი თქმით, 2022 წლის 22 ივლისს ხელმოწერილი „სტამბულის პაკეტი“ დღემდე მხოლოდ უკრაინული სურსათის ექსპორტის კუთხით ხორციელდება, ხოლო რუსეთი-გაეროს მემორანდუმი, რომლის მიზანიც რუსულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და სასუქებზე დასავლური „ცალმხრივი უკანონო სანქციების“ რეალური მოხსნაა, ისევ არ სრულდება.
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
მარცვლეულის ინიციატივა შეთანხმების მთავარი ნაწილია. მეორე ნაწილია რუსეთი–გაეროს მემორანდუმი, რომელიც სამ წელზეა გათვლილი და ითვალისწინებს: რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს.
2023 წლის 18 მაისს რუსეთმა ხელშეკრულება 60 დღით — 17 ივლისამდე გაახანგრძლივა.