ღარიბაშვილი: პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე სახელმწიფო უკომპრომისო იქნება

პოლიციელებზე ნებისმიერი თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა, განაცხადა პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე სახელმწიფო უნდა იყოს უკომპრომისო და დაუნდობელი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბოლო დროს საქართველოში გახშირდა საპროტესტო აქციებისა და საჯარო ღონისძიებების დროს პოლიციელებზე შეურაცხყოფისა და თავდასხმის ფაქტები.
„მე არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არც ორიენტაცია, ან სხვა რამ. ყველას მიმართებით, ვინც ჩვენს პოლიციაზე ხელს ასწევს, სახელმწიფო იქნება შეუბრალებელი და უკომპრომისო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, პოლიციელებზე ნებისმიერი თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა.
„ჩვენ მსგავს რამეს არავის ვაპატიებთ", - განაცხადა პრემიერმა.
შსს-ს ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში დაფიქსირდა პოლიციის მიმართ ძალადობის, მუქარისა და წინააღმდეგობის გაწევის 23 ფაქტი და პოლიციელებზე თავდასხმის 11 ფაქტი. ამასთან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ძალადობის, მუქარისა და წინააღმდეგობის ფაქტების რაოდენობა 9,8%-ით გაიზარდა.
პოლიციაზე თავდასხმის ყველაზე სასტიკი ფაქტი თბილისში 7-9 მარტის აქციებზე მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს.