თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
დღეს საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციით და ცენზურა აკრძალულია. გარდა ამისა, საქართველოს კანონი უზრუნველყოფს დისკრიმინაციის აკრძალვას და ყველა მოქალაქის თანასწორობას.
„ჩვენ ამ თემაზე ღია დისკუსია უნდა გავხსნათ. დრო მოვიდა და მომწიფდა, რომ ჩვენ ლგბტ თემაზე ღია დისკუსია დავიწყოთ და ერთხელ და სამუდამოთ ჩვენი პოზიცია განვსაზღვროთ. ჩვენ ნათლად უნდა ვთქვათ, თუ რას ვუჭერთ მხარს და რა არის ჩვენთვის მიუღებელი. ჩემთვის მიუღებელია ლგბტ-პროპაგანდა სკოლებსა და ბაღებში. ეს კატასტროფაა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის ისევე მიუღებელია ლგბტ-პროპაგანდა ბავშვებს შორის აშშ-ში, როგორც მიუღებელია საქართველოში McDonald's-ის რესტორნების ქსელის კამპანია.
„ჩვენს ქვეყანაში ეს ტაბუირებული თემა უნდა იყოს. შეიძლება პარლამენტში დებატები გავხსნათ და საკითხი საკანონმდებლო დონეზე დავარეგულიროთ. მაგრამ ამისთვის საჭიროა დებატები და საერთო კონსენსუსის მიღწევა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.
„ჩვენ არ ვაპირებთ „დისკრიმინაციის შესახებ“ კანონის გაუქმებას. ჩვენ ამ კანონით ვაჩვენებთ, რომ ცივილიზებული და ტოლერანტული საზოგადოება ვართ და ასე იყო ყოველთვის. ეს ჩვენი კულტურის ნაწილია. მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ასევე მიუღებელია ჩვენი კულტურისა და ხალხისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის, ჩვენი რელიგიისა და რწმენისთვის. ჩვენ უნდა გავაცალკევოთ საკითხები და არ დავაკავშიროთ კანონი და ღირებულებები, ჩვენ უნდა დავიცვათ სკოლები და საბავშვო ბაღები ამ მავნე პროპაგანდისგან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცოტა ხნის წინ ლგბტ-პროპაგანდის თემა საქართველოში კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც McDonald's-ის „ჰეფი მილის" საბავშვო მენიუში სასაჩუქრე წიგნი გამოჩნდა, რომელშიც მოთხრობილია მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრებაზე, მის და დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობასა და შვილების შესახებ. ავტორი მკითხველს მოუწოდებს, წაკითხვის შემდეგ წიგნი სხვასაც გადასცეს და ამით „სიცოცხლე აჩუქოს მკითხველს". იმავე დღის ბოლოს წიგნები სასაჩუქრე ნაკრებიდან ამოიღეს.
საქართველოს საპატრიარქომ და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდა დაგმეს.