თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. გატარებული რეფორმების შედეგად დაცულია პატიმართა ყველა უფლება და პატიმართა უფლებების დარღვევის გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არცერთი სარჩელი არ არის შესული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.
2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ხელისუფლებამ აღიარა, რომ პატიმრების წამება სისტემური იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საპატიმრო დაწესებულებების 70-ზე მეტი თანამშრომელი დააკავეს, თავად ციხეებში კი სრულმასშტაბიანი რეფორმა დაიწყო.
„რეფორმების ეფექტურობის ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკა, რომლის გაყალბება და მანიპულირება შეუძლებელია. ამ სტატისტიკის მიხედვით, 2012 წლიდან სტრასბურგის სასამართლოს არცერთი საქმე არ მიუღია საქართველოს პენიტენციური სისტემისგან. არცერთი საქმე არ იქნა წარმოებაში მიღებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ციხეებში მსჯავრდებულთა რაოდენობა 25-27 ათასიდან 9 ათასამდე შემცირდა.
პრემიერის თქმით, მთავრობამ პენიტენციური დაწესებულებების მიმართულებით რეალურ პროგრესს მიაღწია.
„თუ იმ დროს პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ, დღეს რატი ბრეგაძემ (იუსტიციის მინისტრმა – რედ.) შექმნა ციფრული უნივერსიტეტი პატიმრებისთვის, გახსნილია იუსტიციის სახლი, მიმდინარეობს ციხეების კეთილმოწყობა და გარემონტება. ყველა მიმართულებით ჰუმანური გარემოა შექმნილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პატიმრების წამების საქმე
საქართველოს შსს-მ 2012 წლის 19 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე განაცხადა, რომ თბილისის გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობის საქმე გახსნა. გამოძიების მონაცემებით, ციხის თანამშრომლების ჯგუფი არააადამიანურად ეპყრობოდა პატიმრებს და ამას ვიდეოზე იღებდა. საგამოძიებო ორგანოებმა მაშინ განაცხადეს, რომ ეს მმართველი პარტიის ოპონენტების მიერ იყო ორგანიზებული, რათა ამომრჩევლების თვალში მათი სახელი გაესვარათ.
უწყებამ გამოაქვეყნა პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის ვიდეოკადრები. ამასთან, ითქვა, რომ არსებობს სხვა ვიდეომასალაც, რომლის ჩვენებაც საზოგადოებისთვის მიზანშეწონილი არაა. თუმცა იმავე საღამოს ოპოზიციურმა ტელეარხებმა პატიმრებზე ძალადობის საშინელი კადრები აჩვენეს და განაცხადეს, რომ მასალა ციხის ყოფილი თანამშრომლის ბედუკაძისგან მიიღეს.
პატიმრების წამების, ცემისა და გაუპატიურების ვიდეოკადრებმა მთელი საქართველო შეძრა. ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო აქციები ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმრებისადმი სასტიკ მოპყრობაში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. გადადგნენ პრობაციისა და სასჯელაღსრულების, შინაგან საქმეთა მინისტრები, დააპატიმრეს პენიტენციური სისტემის რიგი თანამშრომლები.
ექსპერტების აზრით, „ციხის სკანდალმა“ გადამწყვეტი როლი შეასრულა საპარლამენტო არჩევნების შედეგებში, როდესაც გაიმარჯვა ოპოზიციურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, მმართველი „ნაციონალური მოძრაობა“ კი ოპოზიციაში გადავიდა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში მთელი რიგი საქმეები აღიძრა ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მიმართ, რომელთაგან ბევრი დღემდე იხდის სასჯელს.