აშშ-ის მიზანი საქართველოს სასამართლო სისტემის დამორჩილებაა - „ხალხის ძალა"

საქართველოს ხელისუფლება უკვე ორ თვეზე მეტია უშედეგოდ სთხოვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, წარმოადგინოს მტკიცებულებები სანქცირებული ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ.
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებას საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის დაქვემდებარება უნდა, ხოლო მარტის საპროტესტო აქციებმა თბილისში მათ აფიქრებინა, რომ დროა ამ მიმართულებით შეტევა დაიწყონ და სანქციები დაუწესეს ქართველ მოსამართლეებს – დაწერა სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე 7-9 მარტს მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ. ამის შედეგად კანონპროექტი გაიწვიეს. შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სამი მოქმედი მოსამართლის – მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძისა და ირაკლი შენგელიას, ასევე ერთი ყოფილი მოსამართლის ვალერიან ცერცვაძის მიმართ სავიზო შეზღუდვები დააწესა „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის" გამო.

„2023 წლის მარტის აქციებმა შეუქმნა ამერიკელებს შთაბეჭდილება, რომ დადგა სასამართლო სისტემაზე პირდაპირი იერიშის მიტანის დრო, რასაც ხელი შეუწყო ნიკა გვარამიას გარემოცვის აქტიურობამაც. მარტის მოვლენების ეფექტმა ჩაუნერგა ვაშინგტონს რწმენა, რომ ისინი წარმატებით შეძლებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას ფრონტის ამ ხაზზეც", – დაწერა ქართველიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლების „აყირავების" ოპერაციაში, გარდა ე.წ. მეორე ფრონტისა და „მაიდანის" გახსნისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო – სანქციების დაწესება ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ.
როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ კორუფციული ბრალდებების „ნამდვილობისა და მათი სიმძიმის" გათვალისწინებით სანქციებს უწესებს საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, თავდაპირველად შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო როგორც ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის მეტი ნაწილისთვის, ასევე აშშ-ის ელჩ კელი დეგნანისთვის, საელჩოსა და USAID-ს მისიის ადგილობრივი „სტაფისთვის".
კალაძე ქართველი მოსამართლეებისთვის აშშ-ის მხრიდან სანქციების მოხსნის მომხრეა>>
ქართველიშვილის თქმით, სანქციების დაწესებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გარემოცვამ, რომელიც 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

„როგორც ჩანს, სანქციების დაწესებაში დიდი როლი („შავი" ტექნიკური სამუშაო) ითამაშა ნიკა გვარამიას უახლოესმა გარემოცვამ (მეუღლე, ადვოკატი), რომლის წევრებმაც მიღებულ გადაწყვეტილებამდე მნიშვნელოვანი ტურნე გამართეს ვაშინგტონში, ამსტერდამსა და ვილნიუსში. არაა გამორიცხული, რომ გვარამიას შეწყალების დაჩქარებაში სწორედ ამ გარემოებამაც ითამაშა თავისი როლი (დაუფასეს)", – აღნიშნა ქართველიშვილმა.

დიდი ალბათობით, დაწესებული სანქციების უშუალო ავტორებად შეიძლება ჩაითვალონ ამერიკელი პოლიტოლოგი მაიკლ მაკფოლი და ამერიკელი პოლიტეკონომისტი ფრენსის ფუკუიამა. ხოლო ძირითად ხელშემწყობად (ქართული მხარე) – არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე, მიიჩნევს ქართველიშვილი.
კობახიძე: ნიკა გვარამიას შეწყალებამ პოლარიზაცია გააძლიერა>>
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის საელჩოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სასამართლო სისტემიდან ჩამოშორება ე.წ. კლანისა, რომლის წევრებადაც მიჩნეულ იქნა 5 აპრილს სანქცირებულ პირთა ჯგუფი. ისინი უნდა ჩაანაცვლონ მათდამი კეთილგანწყობილი პირებით.
„ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2020-2021 წლებში ამერიკული მხარე ხსენებული ჩანაცვლების უზრუნველსაყოფად ღონისძიების სახით გეგმავდა თავისი დაფინანსების შეჩერება/შემცირებას და აღნიშნულით გამოწვეული შედეგის საჯაროდ, უშუალოდ სასამართლო კლანზე „გადაბრალებას" მასთან შიდა ინსტიტუციური კონფრონტაციის გამოწვევის მიზნით. თუმცა ხსენებულ გადაწყვეტილებაზე მაშინ ითქვა უარი, რადგან აღნიშნული სვლა შეაფერხებდა სასამართლო სისტემასთან თანამშრომლობას", – დაწერა ქართველიშვილმა.
სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
ამავე დროს ელჩმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
პაპუაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლეებს სანქციები უნდა მოუხსნას>>
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.
„ხალხის ძალა" ცნობილია აშშ-ისა და სხვა დასავლელი პარტნიორების კრიტიკით. ის 2022 წლის აგვისტოში შექმნეს დეპუტატებმა, რომლებმაც დატოვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". თუმცა, პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა" აქტიურად თანამშრომლობს მმართველ პარტიასთან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.