კასპში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა

კაცმა შვილს თანასოფლელი ბავშვი აცემინა და ყველაფერი მობილურით გადაიღო.
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მამაკაცს, რომელმაც 11 წლის შვილს 9 წლის თანასოფლელი აცემინა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სოფლის ცენტრში თავის არასრულწლოვან შვილს თანასოფლელი აცემინა და ეს ყველაფერი მობილური ტელეფონით გადაიღო. მომხდარის შედეგად 9 წლის ბიჭი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშულებას არ აძლევდა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა 37 წლის მამაკაცი 27 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ძალადობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.