თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის მსჯავრდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში არალეგალური გზით შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხა, რომელიც მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე განათავსა.
თანხის ნაწილით ბრალდებულმა საქართველოში ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა, ქონების კანონიერად წარმოსაჩენად კი საგამოძიებო ორგანოს მის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინა.
გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ ბრალდებულის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხა – 1,5 მლნ აშშ დოლარი და 107 ათასი ლარი დააყადაღა. ასევე ყადაღა დაედო მის მიერ შეძენილ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას, მათ შორის წყნეთში მდებარე აგარაკსა და თბილისში ორ საცხოვრებელ ბინას.
გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ამოიღეს კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა BINANCE-ზე განთავსებული ბრალდებულის კუთვნილი კრიპტოვალუტა.
სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის თანახმად, ბრალდებულს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 7 მლნ ლარამდე ღირებულების უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხა და კრიპტოვალუტა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა.