თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 6 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ დავით ქემოკლიძეს ყურძნის მოსავლის 75% გაუნადგურა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. დავით ქემოკლიძე ზარალის ანაზღაურების თანხას – 42.900 ლარს სადაზღვევო კომპანიისგან მიიღებს. მან 4,4 ჰა ფართობზე 7.015 ლარის ღირებულების დაზღვევის პოლისის შესაძენად 30% გადაიხადა, ხოლო დანარჩენი 70%-იანი თანადაფინანსება – 4.911 ლარი სახელმწიფოსგან მიიღო.
სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერს სოფლის განვითარების სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის კოორდინატორი იმედა ალხაზიშვილი, ყვარლის მერი გივი ზაუტაშვილი და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ და დაზიანებული ვენახი დაათვალიერეს.
„დაზღვევა მინიმუმამდე ამცირებს სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში – 50 ჰექტარი. ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად", – აღნიშნა იმედა ალხაზიშვილმა.
იმედა ალხაზიშვილმა მოუწოდა ფერმერებს, ჩაერთონ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და დააზღვიონ მოსავალი.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა წარმატებით მუშაობს 2014 წლიდან და თანდათან უფრო სრულყოფილი ხდება. აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებები დაზღვეული ვენახების ფართობის გაზრდის საშუალებას იძლევა, რადგან დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი გახდა მევენახეებისთვის სახელმწიფოს გაზრდილი მონაწილეობის გამო.
აგროდაზღვევა ერთნაირად ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისთვის და პირისთვის, ვინც აგრობიზნესით არის დაინტერესებული.
პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) – 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.
პროგრამაში ჩართული ყველა ფერმერი 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის ვაზზე.
2014 წლიდან ჯამში 65 ათას ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 150.700-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 140 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი; ანაზღაურებული ზარალის ოდენობა 67 მლნ ლარზე მეტია.