საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მიულოცა

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მორწმუნეებს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს მთავარი რელიგიური დღესასწაული – ყურბან-ბაირამი მიულოცა.
ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია. მორწმუნეები ალაჰს შინაურ ცხოველებს სწირავენ. ხორცის დიდი ნაწილი უნდა დაურიგდეს გაჭირვებულებს, ობლებსა და მეზობლებს, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა. ამ დღეს მორწმუნეები გულუხვად არიგებენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და წინაპრების საფლავებს მოინახულებენ.

„ვულოცავ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დიდ დღესასწაულს, სიკეთის გამარჯვების, ურთიერთპატივისცემის, სიკეთის ზეიმის დღეს. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიების მიმართ პატივისცემით, შემწყნარებლობით, ეს ჩვენი საამაყო ტრადიციაა და ასე იქნება მუდამ. ჩვენ ერთად ვაშენებდით ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ მომავალშიც“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვის წერილში.

ყურბან-ბაირამის აღნიშვნა ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს დაიწყეს. ყურბან-ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სათავეს წინასწარმეტყველ იბრაჰიმის (იგივე აბრაამი) მიერ მსხვერპლშეწირვის ისტორიიდან იღებს, რაც სამივე მონოთეისტური რელიგიის — ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის წმინდა წერილებშია აღწერილი: უფალმა წინასწარმეტყველს მისი რწმენის გამოსაცდელად შვილის მსხვერპლად შეწირვა უბრძანა. როდესაც უზენაესი მის სიმტკიცეში დარწმუნდა, ბიჭის გათავისუფლება და მის ნაცვლად ცხვრის დაკვლის ნება დართო.
ისლამური ტრადიციის თანახმად, დღესასწაულის აღსანიშნავად თითოეულმა მუსლიმმა მსხვერპლად ცხვარი, ძროხა ან სხვა პირუტყვი უნდა შესწიროს. ამავე დღეს ტარდება „ჰაჯობის რიტუალი", ანუ მოლოცვა მექაში, სადაც უამრავი მუსლიმი იკრიბება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს რიტუალი ყველა მუსლიმმა უნდა ჩაატაროს ცხოვრებაში ერთხელ მაინც.
მუსლიმები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.