უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოვლენილი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

Sputnik
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საჩხერის რაიონულმა სასამართლომ უკანონო თევზჭერის ფაქტზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი შეუფარდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მამაკაცი უკანონო თევზჭერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოეთში, მდინარე საძალისხევზე აკრძალული იარაღით – ელექტროშოკური აპარატით ახდენდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.
დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში აკრძალულ ადგილებზე და აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს, ხოლო სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.