გაუსწრო დი კაპრიოსა და პედრო პასკალს: თორნიკე გოგრიჭიანის პოპულარობა იზრდება

ფილმში „ტაილერ რეიკ 2" გოგრიჭიანმა მთავარი ანტაგონისტის - ქართველი განგსტერის სასტიკი ძმის როლი შეასრულა.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თეატრისა და კინოს ქართველმა მსახიობმა თორნიკე გოგრიჭიანმა IMDb-ზე „ყველაზე პოპულარული ცნობილების" (Most Popular Celebs) რეიტინგში 70-ე ადგილი დაიკავა და გაუსწრო ისეთ კინოვარსკვლავებს, როგორიც არიან ლეონარდო დი კაპრიო (89-ე ადგილი), პედრო პასკალი (72-ე), ჯეიკ ჯილენჰოლი (72-ე) და რეჟისორი ჯეიმს კემერონი (71-ე).
ქართველი მსახიობის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან კრის ჰემსვორტთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ფილმში "ტაილერ რეიკ: გადარჩენის ოპერაცია 2“, რომელიც Netflix-ის სტრიმინგულმა სერვისმა შექმნა.
სიუჟეტის მიხედვით, ბანგლადეშში მიღებული დაზიანებებისგან სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი დაქირავებული მებრძოლი ტაილერ რეიკი ბრუნდება და ახალ მისიას იწყებს. მისი ამოცანაა იხსნას ოჯახი ქართველი განგსტერისგან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაცულ ციხეში იხდის სასჯელს.
გოგრიჭიანმა მთავარი ანტაგონისტის - ქართველი განგსტერის სასტიკი ძმის როლი შეასრულა. ბოევიკის მიხედვით, ძმებს კაცის კვლა და ბოლომდე ერთად დგომა ბავშვობიდან ასწავლეს.
„ტაილერ რეიკ 2"-ის თიზერი
ჰემსვორტთან და გოგრიჭიანთან ერთად ფილმში სხვა ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ: თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, ლევან საგინაშვილი, იგივე „ქართველი ჰალკი", თორნიკე ბზიავა, დათო ბახტაძე და სხვები.
ფილმის პრემიერა 16 ივნისს Netflix-ის ონლაინ-კინოთეატრში გაიმართა. სიქველის დამდგმელია „გადარჩენის ოპერაციის" პირველი ნაწილის რეჟისორი სემ ჰარგრეივი.
თორნიკე გოგრიჭიანი
თორნიკე გოგრიჭიანი თეატრის, კინოსა და ტელევიზიის პოპულარული ქართველი მსახიობია. მონაწილეობდა სერიალში „გოგონა გარეუბნიდან". მისი სხვა ცნობილი ნამუშევრებია ლევან თუთბერიძის „ცხრა მთას იქით", ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი", ლევან ბახიას „247 გრადუსი ფარენჰაიტით". 2017 წელს შედგა გოგრიჭიანის დებიუტი რეჟისორის ამპლუაში. მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ანდრო".