პესკოვი: „ვაგნერისთვის“ მიცემული დაპირებები სრულდება

Sputnik
თბილისი, 27 ივნისი − Sputnik. შეთანხმებები, რომლებიც ამბოხის მცდელობის დროს მოვლენების ყველაზე უარესი სცენარის თავიდან ასაცილებლად გაიცა, სრულდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

„საუბარია საკმაოდ სამწუხარო და მეტად ექსტრაორდინარულ მოვლენაზე. <...> პრეზიდენტმა გამოიჩინა ნება, რათა მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით არ განვითარებულიყო. იყო გარკვეული შეთანხმება, რათა ეს ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან აგვეცილებინა და იყო პრეზიდენტის გარკვეული დაპირებები, პრეზიდენტის გარკვეული გარანტიები. შეთანხმებები სრულდება“, − განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

როგორც მან აღნიშნა, ვლადიმირ პუტინი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას, ეხება ეს საერთაშორისო თუ საშინაო საქმეებს.
„რა თქმა უნდა, ყველას სურს ჰქონდეს იმედი, რომ ყველა მხრიდან მიცემული სიტყვები უდავოდ შესრულდება“, − აღნიშნა პესკოვმა.
როგორც „რია ნოვოსტი“ აღწერს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ შაბათის ღამით დონის როსტოვში სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი აიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტები და ბომბები დაუშინეს „ვაგნერის" ბანაკებს. ეს ინფორმაცია უარყვეს როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ისე უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა.
პუტინმა ამბოხებულთა მოქმედებას დანაშაულებრივი ავანტიურა, რუსეთისთვის ზურგში დანის ჩარტყმა და ღალატი უწოდა. მოგვიანებით ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, პუტინთან შეთანხმებით, მოლაპარაკებები გამართა პრიგოჟინთან, რის შემდეგაც ლუკაშენკოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა მისი წინადადება მიიღო და მოსკოვისკენ სვლა შეაჩერა.