თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ძალადობის ფაქტზე ერთ-ერთი მოზარდის მამა დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის, რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღო.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცმა სოფლის ცენტრში თავის 11 წლის შვილს 9 წლის თანასოფლელი აცემინა და შემდეგ ეს ყველაფერი მობილური ტელეფონით გადაიღო. მომხდარის შედეგად 9 წლის ბიჭი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა 37 წლის მამაკაცი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
წყარო - შსს