თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თბილისში უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, ნათქვამია ოპოზიციური ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა ვაკის რაიონში მოხდა.
„უცნობი პირი დამესხა თავს „კარფურის“ შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ, ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ“, - განაცხადა დაზარალებულმა.
როგორც მშვილდაძემ აღნიშნა, მასზე თავდასხმის ფაქტი სუპერმარკეტის კამერებზეც უნდა იყოს დაფიქსირებული.
„შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები... ალბათ გაიქცნენ იმიტომ, რომ მერე დაცვა მოვიდა, დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს, სანამ ცდილობდა, რომ ერტყა. შეძახილი რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვიხსენი, ახსენა პატრიარქი „შენ პატრიარქს როგორ აგინებ" თუ რაღაც მსგავსი", - აცხადებს მშვილდაძე.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.