მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

პროგრამებში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თბილისის მერიის წლევანდელ ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა 3 ივლისამდე გახანგრძლივდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
პროგრამები თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება და მისი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობაა.
კალაძის თქმით, 2023 წლის საზაფხულო პროგრამებში დაახლოებით 5 ათასამდე ახალგაზრდა ჩაერთვება. ეს ეხება თბილისში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ. მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით, კვებით, ეკიპირებით და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით

„პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ.

უწყების ცნობით, საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყო და 25 ივნისს უნდა დასრულებულიყო. ამ დროისათვის 4 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.
პროგრამებზე, რომლით სარგებლობაც სრულიად უფასო იქნება, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://tbilisi.gov.ge/news/14768
2023 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილია:
1.
კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია);
2.
მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანში) – ზღვის უბანში არსებული საცურაო აუზით ერთი თვის განმავლობაში სარგებლობა შესაძლებელი იქნება 200-ზე მეტი ახალგაზრდისთვის.
3.
ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)
4.
ჯომარდობა (ფასანაური)
5.
ლაშქრობები „თბილისის გარშემო“ – მოეწყობა ოთხი ორდღიანი და რვა ერთდღიანი საველე სალაშქრო ბანაკების სახით.
საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების გართობისა და აქტიური დასვენების ხელშეწყობას ზაფხულის პერიოდში.