თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ცხრა წლის წინ დაიწყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, გაგრძელდება 2023 წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებით, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი ეტაპის დასაწყისი იქნება, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის ივლისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ასოცირების შესახებ, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა.
„პირველად ჩვენს ისტორიაში ევროპამ საჯაროდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო... მჯერა, რომ ეს პროცესი წლის ბოლოს ამ ძალისხმევის დამსახურებული აღიარებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭებით გაგრძელდება, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი ეტაპის დასაწყისად იქცევა”, – დაწერა ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს ევროპული პერსპექტივა ხელისუფლებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს და თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა. პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.