თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის პროგნოზის თანახმად, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ხორცის მოხმარება წლიურად საშუალოდ 5%-ით, ხოლო ხორცპროდუქტების მოხმარება 8%-ით გაიზრდება.
ანალიტიკოსების აზრით, მოთხოვნას მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის და ტურიზმის ზრდა განსაზღვრავს.
2017-2022 წლებში ქვეყანაში ხორცის მოხმარება საშუალოდ 1,8%-ით გაიზარდა, ხორცპროდუქტების კი 3,8%-ით, ნათქვამია კვლევაში.
2022 წელს საქართველომ მოიხმარა 192 მლნ კგ ხორცი და ხორცპროდუქტი; აქედან 148,4 მლნ კგ (77,3%) იყო ხორცი, ხოლო 43,6 მლნ კგ (22,7%) – ხორცპროდუქტები (სოსისი, სარდელი, ძეხვი და ა.შ.).
ქვეყანაში ხორცეულიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ფრინველის ხორცზეა, შემდეგ მოდის ღორისა და საქონლის ხორცი.
გარდა ამისა, გასულ წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ხორცის მოხმარებამ 39 კგ შეადგინა, რაც მცირედით აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (34 კგ).
ანგარიშის თანახმად, ხორცის მოხმარების ნახევარს ადგილობრივი წარმოება ფარავს, დანარჩენს კი იმპორტი.
ხორცის წარმოება 2017-22 წლებში წლიურად საშუალოდ 2,8%-ით გაიზარდა და 74,6 მლნ კგ შეადგინა. შედეგად, ხორცის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 48%-დან 50%-ზე ავიდა. ხორცპროდუქტების შემთხვევაში ადგილობრივი წარმოების წილი 2022 წელს 85%-ს შეადგენდა, რაც მცირედით ჩამორჩება 2017 წლის მაჩვენებელს (88%).
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ხორცის წარმოებაში შინამეურნეობების წილი მაღალია (2022 წელს 40%), რის გამოც სექტორი საკმაოდ ფრაგმენტული და დაბალშემოსავლიანია (ევროპულ კომპანიებთან შედარებით).
2022 წელს ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელთა ჯამურმა შემოსავალმა დაახლოებით 1,5 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 531 მლნ ლარი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შემოსავალი იყო, ხოლო დანარჩენი (დაახლოებით 930 მლნ ლარი) – ხორცის პირველადი წარმოების ღირებულება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაზე განვითარებული ფრინველის ხორცის წარმოებაა, თუმცა აქაც მაღალია ზრდის პერსპექტივა შინამეურნეობების წილის შემცირების, იმპორტის ჩანაცვლებისა და მოხმარების ზრდის ხარჯზე.
გასულ წელს ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტმა საქართველოში 187,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+35%), ხოლო ექსპორტმა 48,4 მლნ აშშ დოლარი (+57,9% ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე). იმპორტი ძირითადად ბრაზილიიდან ხორციელდება, საიდანაც შემოდის გაყინული ფრინველისა და ღორის ხორცი.