თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ აღკვეთა ქვეყნის გავლით სანქციების გვერდის ავლა და ამ საკითხში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს გავლით სანქციების გვერდის ავლის რისკის საკითხი აქტუალური გახდა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის ვიზიტის ფონზე. გავრცელებული ინფორმაციით, ის შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს და განიხილავს საკითხებს, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს, კერძოდ, სანქციებს და მათ ეფექტურ აღსრულებას.
„ჩვენ, ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთი პრევენცია მოვახდინეთ, მათ შორის, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მცდელობების. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სანქციების შესრულება არის მარტივი პროცესი იგივე სანქციების დამწესებელი ქვეყნებისთვის. ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ რისკები არსებობს, მათ შორის, ამ ქვეყნებიდან სანქცირებული ტვირთისთვის საქართველოს ტრანზიტად გამოყენების მცდელობების კუთხით“, – განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხზე აქტიურად თანამშრომლობს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე ქვეყნისადმი წაყენებული არცერთი ბრალდება სანქციების გვერდის ავლის შესახებ არ დადასტურებულა.