ფეხბურთი: საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების რეკორდი დამყარდა

ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი „დინამო არენა“ ყველაზე დიდი სივრცეა, სადაც უეფას ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი ჩატარებულა.
Sputnik
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის თბილისში გამართულმა მატჩმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ისტორიაში მაყურებელთა დასწრების ახალი რეკორდი დაამყარა.
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩს 41.887 მაყურებელი დაესწრო, რაც ტურნირის ფინალური ეტაპის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბელგიის გუნდთან მატჩი ფრედ დაასრულა - 2:2. ორი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი ოთხი ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილს ბელგია და ჰოლანდია ინაწილებენ - მათ ორ-ორი ქულა აქვთ. პორტუგალია ერთი ქულით ბოლო ადგილზეა.
თბილისმა გააუმჯობესა რეკორდი, რომელიც ბარსელონაში იტალიისა და ესპანეთის მატჩზე 1996 წელს დამყარდა - მაშინ თამაშს 35.500 გულშემატკივარი დაესწრო.
გარდა ამისა, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი „დინამო არენა“ ყველაზე დიდი სივრცეა, სადაც უეფას ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი ჩატარებულა.
მომდევნო მატჩი „დინამო არენაზე“ 27 ივნისს 20:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. რამაზ სვანაძის გუნდისთვის მეოთხედფინალში ისტორიული გასვლისთვის ფრეც საკმარისია.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით იმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. უკვე 8 ივლისს „ბათუმი არენა“ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს.