თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე არ უერთდება, განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით. დღემდე ქვეყნისადმი წაყენებული არცერთი ბრალდება სანქციების გვერდის ავლის შესახებ არ დადასტურდა.
„მნიშვნელოვანია ის მიდგომა, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. ჩვენ არ ვმალავთ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვსაუბრობთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით. აქ არის ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესები“, - აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, მას შეუძლია ქვეყანაში შემოსვლა, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოპოზიციონერებმა არაერთხელ ისაუბრეს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლის შესახებ, რაც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის ქვეყანას. რამდენიმე პარტია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივითაც გამოვიდა.
2022 წელს რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები საქართველოში ჩამოსული უცხოელების საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენდნენ, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 21,25%-ს. 2019 წლის ივნისში პირდაპირი ფრენების გაუქმებამდე რუსეთის მოქალაქეების წილი საქართველოში ჩამოსულთა შორის 15-17% იყო.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, და 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.