თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 12 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციები თბილისში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და კახეთში ჩატარდა.
უწყების ცნობით, დაკავებულთა ასაკი 35-დან 54 წლამდეა, მათ შორის რამდენიმე პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფები, მჭიდები, ვაზნები, მასრები, ასევე ნარკოტიკული საშუალება.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველო სსკ-ის 236-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
წყარო - შსს