თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების ღირებულება 2023 წლის მაისში არ შეცვლილა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ბაზრის მიმოხილვაში.
2023 წლის მაისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 26,8%-ით გაიზარდა დოლარში და 8,2%-ით ლარში, თუმცა თვიურად არ შეცვლილა (ბინები პირველად და მეორად ბაზრებზე).
„პირველად ბაზარზე დეველოპერების საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში იყო 1.112 აშშ დოლარი (+27,9% წ/წ) და ტრადიციულად ყველაზე ძვირი ბინები ვაკეში და მთაწმინდაზე იყო“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
2023 წლის მაისში ბინების გაყიდვები გაიზარდა წინა თვეში შემცირების შემდეგ - თბილისში გაიყიდა 3.650 ბინა, რაც წლიური 2%-იანი და თვიური 34,9%-იანი ზრდაა.
ამ ზრდის წარმმართველი იყო პირველად ბაზარზე (დეველოპერებისგან) ბინების გაყიდვები, სადაც 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მეტი - 1.650 ბინა გაიყიდა (+20% წ/წ).
ამავდროულად, მეორად ბაზარზე კლება დაფიქსირდა როგორც ახალაშენებული (2013 წლიდან ექსპლუატაციაში მიღებული ბინები), ისე ძველი ბინების გაყიდვებში, შესაბამისად -5,5% წ/წ და -12% წ/წ.
მაისში გაყიდვების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეიტანა გაყიდვებმა შემდეგ უბნებში - ვაშლიჯვარი (+180% წ/წ), კრწანისი (+47,7% წ/წ) და დიდუბე (+19,1% წ/წ). ამასთან, მიუხედავად იმისა რომ ვაშლიჯვრის წილი მთლიან გაყიდვებში დაბალია, მაისში ეს წილი თითქმის გასამმაგდა 4,6%-მდე.
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინებისა (51-80 მ2) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 – 1.800) დომინირება.
2023 წლის მაისში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 16,6%-ით გაიზარდა და 243.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა პირველად ბაზარზე დეველოპერების გაყიდვებს ჰქონდა.
გარდა ამისა, უძრავი ქონების ქირა 2023 წლის მაისში წლიურად აშშ დოლარში 44.9%-ით, ხოლო ლარში 23,7%-ით გაიზარდა. წლიური ზრდის მაღალი ტემპების მიუხედავად, აპრილსა და მაისში ქირა თვე-თვესთან შედარებით შემცირდა.