თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ოლივერ ვარჰეის ზეპირ მოხსენებაში გზადაგზა ახალი საკითხები გაჩნდა, რაც პირველი შემთხვევაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, ეს ახალი მოთხოვნაა, რომ აუდიოვიზუალურ სექტორთან დაკავშირებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ევროპული საბჭოს რეკომენდაციებთან იყოს ჰარმონიზაციაში.
„უნდა ითქვას, რომ ზეპირი შეფასება იმ მონაცემებს ეფუძნებოდა, რომელიც ჩვენ ევროკომისიას მაისში მივაწოდეთ. მაისსა და ივნისში სამუშაოები კიდევ გაგრძელდა, მათ შორის გარკვეული გადაწყვეტილებები მომავალ კვირასაც იქნება მიღებული. <...> არის რეკომენდაცია აუდიოვიზუალურ დირექტივასთან საქართველოს თავსებადობაზე. საქართველომ შესაბამისი კანონი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მიიღო, შემდეგ ევროპულმა საბჭომ ამ კანონპროექტზე მიიღო გარკვეული რეკომენდაციები. შესაბამისად, ევროკომისრის ზეპირ მოხსენებაში ახალი მოთხოვნა გაჩნდა – რომ მოხდეს კანონის ჰარმონიზაცია ევროპული საბჭოს რეკომენდაციებთან“, — განმარტა სამხარაძემ.
როგორც მან დააზუსტა, საქართველოსთვის 12 რეკომენდაციის გადმოცემის შემდეგ ევროკომისიას საქართველოსთან წერილობითი კომუნიკაცია არ ჰქონია.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰოლმში ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ზეპირი ანგარიში წარადგინა. როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, კიდევ შვიდი რეკომენდაციის შესრულების მხრივ კი გარკვეული პროგრესია მიღწეული.