Georgian Manganese მზადაა მაღაროების მართვა გაფიცულ მაღაროელებს გადასცეს

მუშების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება კომპანიის მთავარი ღირებულებაა, ნათქვამია განცხადებაში.
Sputnik
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ (Georgian Manganese) გამოთქვა მზადყოფნა, გაფიცულ მაღაროელებთან სრული კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში ჭიათურის მაღაროები მათ მართვაში გადასცეს.
ჭიათურელი მაღაროელები უკვე ორ კვირაზე მეტია გაიფიცნენ, წარმოება მთლიანად შეჩერებულია. რამდენიმე ადამიანმა თვალები და პირი ამოიკერა, ასევე გადაიჭრეს ვენები. ნაწილი საპროტესტო აქციებს თბილისში მართავს – მათ პარლამენტის წინ კარვები გაშალეს და უვადო შიმშილობა გამოაცხადეს ხელფასების 20%-ით გაზრდის მოთხოვნით.

„კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს“, – ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

კომპანიამ ეს გადაწყვეტილება თანამშრომლებზე და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვით ახსნა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა. კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაღაროელების აქციებზე არაერთხელ გაისმა ჭიათურის მაღაროების თავად მაღაროელებისთვის გადაცემის მოთხოვნა.
„ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ Georgian Manganese Holding-ის გენდირექტორმა ლაშა თუთბერიძემ განაცხადა, რომ თანამშრომლები, რომლებიც გაჩერებულ საწარმოში მუშაობენ, ხელფასების 60%-ს იღებენ, რაც ვახტურ ნაწილში დასაქმებულთათვის დაახლოებით 1500 ლარს შეადგენს.
მეშახტეები გაჩერებული საწარმოს პირობებში ხელფასის 60%-ს იღებენ – Georgian Manganese>>
გარდა ამისა, „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი ბოლო განცხადების მიხედვით, მაღაროელებმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს თავიანთი ხელფასების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის 1 თებერვლიდან 2023 წლის 1 თებერვლის ჩათვლით ისინი ყოველთვიურად საშუალოდ 2,5 ათას ლარს იღებდნენ.
მაღაროელთა გაფიცვის დაწყების საბაბი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.
თუთბერიძის თქმით, კომპანიის ფინანსური ზარალი ამ დროისთვის 32 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის მიუხედავად ვახტური რეჟიმით მომუშავე მეშახტეები 2,3 ათას ლარზე მეტს იღებენ. 2023 წელს კომპანიის თანამშრომლების საშუალო ხელფასი 118%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს იყო, აღნიშნა მან.