თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოების გეგმაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და სამინისტროს, ფაქტობრივად, სრული სურათი აქვს – გაფართოების რა შესაძლებლობები და შეზღუდვები არსებობს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი ინფორმაციით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტის ფარგლებში ტექნიკური კვლევების მოსამზადებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ასევე იწყება ვაზიანის აეროდრომის პირველი ტექნიკური კვლევები, რომელიც ახალი აეროპორტის ალტერნატიულ ადგილად მოიაზრება.
ტექნიკურ კვლევებს მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს.
„ვიწყებთ ვაზიანის ტერიტორიის, როგორც დედაქალაქის აეროპორტის განვითარებისთვის შესაძლო ალტერნატიული ლოკაციის შესწავლას. ტექნიკური კვლევები მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მთავრობამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, სად და რა ფორმით მოხდება ქვეყნის მთავარი აეროპორტის პროექტის განხორციელება“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროს მიზანია, ქვეყანას ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე სატრანზიტო-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით.