აშშ-ში რუსეთის ელჩმა სენატი სპეკულაციებში დაადანაშაულა

Sputnik
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ამერიკელი სენატორების სპეკულაცია მოსკოვის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის უკრაინაში გამოყენების შესახებ დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს, განაცხადა რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა.
ხუთშაბათს კონგრესის ზედა პალატას წარედგინა რეზოლუცია, რომლის თანახმად, უკრაინაზე ბირთვული შეტევა ნატოზე თავდასხმად უნდა განიხილებოდეს.

„რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ სპეკულაციები აბსურდულია. ამერიკელი კანონმდებლების პროვოკაციული და არაშორსმჭვრეტელური განცხადებები მხოლოდ ხელს უწყობს დაძაბულობის ესკალაციას და ზრდის სიტუაციის კიდევ უფრო საშიშ ხაზზე გადასვლის რისკს", — განაცხადა ანტონოვმა.

მან რეზოლუციას რუსოფობი ამერიკელი სენატორების მორიგი „გიჟური ინიციატივა“ უწოდა.
ამასთან ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ასეთი იარაღი ბელარუსში კანონიერ საფუძვლებზე განათავსა.
„ჩვენ არცერთი საერთაშორისო ვალდებულება არ დაგვირღვევია და ზუსტად ის გავაკეთეთ, რასაც ამერიკელები აკეთებდნენ ათწლეულების განმავლობაში, როდესაც ევროპელი მოკავშირეების ტერიტორიებზე ბირთვულ ბომბებს ათავსებდნენ“, — განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
მისი ვარაუდით, ამერიკელი სენატორების ფრაზეოლოგიის მიღმა იმალება სურვილი, მოამზადონ მსოფლიო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციისთვის — „შეტენონ იქ ბინძური ბომბი“ და ინციდენტში რუსეთი დაადანაშაულონ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება თეორიულად შესაძლებელია, თუ სახელმწიფოს არსებობას, მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება.