დაცული ტერიტორიების ფართობი 116 ათასი ჰექტრით გაიზარდა

ამჟამად დაცულ ტერიტორიებს ქვეყნის მთელი ტერიტორიის 13% უკავია.
Sputnik
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი 116 ათასი ჰექტრით გაიზარდა, რაც უპრეცედენტო ზრდად ითვლება, განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ხახიშვილმა ბათუმში პარლამენტის გასვლით სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას.
ბოლო პერიოდში საქართველოში ხუთი ახალი დაცული ტერიტორია გაჩნდა. ქვეყანაში ჯამში 100 დაცული ტერიტორიაა. მათი საერთო ფართობი 900 ათას ჰექტარს აჭარბებს და ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს იკავებს.
საქართველოს დაცული ტერიტორიები ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. მათგან ყველაზე მაღალი მოთხოვნაა სათაფლიაზე, ოკაცეს კანიონზე, მარტვილის კანიონზე და პრომეთეს მღვიმეზე.
აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რომელთა შორის ლიდერობენ პოლონეთის, ინდოეთის, ლატვიის, რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები.
ოკაცეს კანიონი
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს უნიკალური ბუნებისა და მრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.