თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა" მოიცავს სიხშირის ახალ დიაპაზონებს და ითვალისწინებს დამატებითი სიხშირის ხაზს ფიქსირებული უკაბელო ინტერნეტისთვის, ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის 5G ქსელების განვითარებისთვის, განუცხადა ჟურნალისტებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.
მარეგულირებლის ინფორმაციით, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის განახლების მიზანია მომხმარებლებისთვის ინოვაციური მომსახურების მიწოდება და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობა.
„ეროვნული გეგმის განახლება ხელს შეუწყობს თანამედროვე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების დანერგვას, ასევე ამოწურვადი რესურსის ეფექტიან გამოყენებას და მართვას“, – განაცხადა ბექაურმა.
განახლებული ეროვნული გეგმა მოიცავს ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, 5G ქსელების განვითარებისთვის ახალი დიაპაზონების შესახებ ინფორმაციას, WI-FI-ს ფუნქციონირებისთვის დამატებით გათვალისწინებულია ახალი სიხშირული ზოლი, ასევე განისაზღვრა დიაპაზონები სპეციფიკური თანამგზავრული მომსახურებისთვის და დაზუსტდა ტექნოლოგიური სტანდარტები და მომსახურების სახეობები.
კომუნიკაციების კომისიამ ეროვნულ გეგმაში შესატანი ცვლილებები ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რადიოკავშირის მსოფლიო კონფერენციაზე (WRC-19) მიღებული ფინალური აქტების მიხედვით, ასევე ფოსტის და ტელეკომუნიკაციების ევროპის კონფერენციის (CEPT) და ელექტრონული კომუნიკაციის კომიტეტის (ECC) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე მოამზადა.
აღნიშნული ცვლილებები ძირითადად ევროკომისიის რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს ეყრდნობა, განაცხადა ბექაურმა.