პარლამენტში შეიქმნება ახალი პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება"

დღეისათვის პარლამენტში 7 პოლიტიკური ჯგუფი და 2 ფრაქციაა.
Sputnik
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი პოლიტიკური ჯგუფის – „თავისუფლების" შექმნას მხარი დაუჭირა.
ახალ პოლიტიკურ ჯგუფში შედიან ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები ნატო და როსტომ ჩხეიძეები. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პოლიტიკური ჯგუფების შექმნა პარლამენტის რეგლამენტით არის დაშვებული.

„პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ინიციატორებმა წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია და ჩვენ გვაქვს ფორმალური საფუძველი, რომ მხარი დავუჭიროთ ამ პოლიტიკური ჯგუფის შექმნას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ნიკა მაჭუტაძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში „ნაცმოძრაობის" ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების კენჭისყრის გამო ატეხილი აჟიოტაჟი გახდა.
პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში თითქმის იმავე შესაძლებლობებს აძლევს დეპუტატებს, რასაც ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დელეგაციებში, დაესწრონ პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა, მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ საპარლამენტო გამოსვლებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებს.
დღეისათვის პარლამენტში 7 პოლიტიკური ჯგუფი და 2 ფრაქციაა.