აფერა მილიონობით ლარზე: სააპელაციო სასამართლომ სამ პირს პატიმრობა შეუფარდა

თაღლითების მსხვერპლი გახდა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი, რომლებმაც საერთო ჯამში 27,5 მლნ ლარი დაკარგეს.
Sputnik
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებისა და ფულის გათეთრების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო, რომელთაც 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორებმა 2014 წელს დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“ და აღნიშნული კომპანიების საქმიანობის სფეროდ საერთაშორისო სავალუტო ბირჟა FOREX-ზე ფინანსური აქტივებით ვაჭრობა მიუთითეს.
ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ ფილიალები, რომელთა ხელმძღვანელები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობით შეეძლოთ მოგების მიღება და თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება ნებისმიერ დროს.
ამასთან, ბრალდებულები მოქალაქეებს ატყუებდნენ, რომ კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებული იქნებოდნენ უცხოელი პარტნიორები – შვეიცარული ბანკი და ბრიტანული კომპანია. მოქალაქეთა მიერ კომპანიების საბანკო ანგარიშებზე შეტანილი ფულადი თანხები გადაირიცხებოდა ზემოაღნიშნული უცხოური კომპანიების ანგარიშებზე და ტრეიდერის ნებართვის გარეშე თანხებთან წვდომა არავის ექნებოდა.
რეალურად კი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აღნიშნულ საერთაშორისო კომპანიებთან რაიმე სახის ურთიერთობა არ გააჩნდათ, შესაბამისად, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულება ხსენებულ კომპანიებს არ ეკისრებოდა და მათ მიერ შეტანილი ფულადი თანხის განკარგვა სრულად ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ.
გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში პლატფორმა, სადაც დაზარალებულები ახორციელებდნენ ვაჭრობას და ასახული იყო მათი ვაჭრობის ისტორია, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სრულად გააუქმეს.
პროკურატურის მონაცემებით, 2014-2018 წლებში დაახლოებით 3 ათასმა მოქალაქემ კომპანიის ანგარიშებზე 27,5 მილიონ ლარზე მეტი თანხა შეიტანა, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 12,7 მლნ ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აღნიშნული თანხები მათთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიების ანგარიშებზე გადარიცხეს, საიდანაც დივიდენდების და ხელფასების სახით მიიღეს 3.545.143 ლარის, 442.909,74 აშშ დოლარის და 27.370 ევროს შემოსავალი.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.