თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ კლუბ „ნაის ქლაბის“ მფლობელებმა რ.მ.-მ და გ.ც.-მ ამავე კლუბის სამ თანამშრომელთან ერთად ტურისტების კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს.
შემუშავებული გეგმის მიხედვით, ბრალდებულები შეუთანხმდნენ კერძო ტაქსის რამდენიმე მძღოლს, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები კლუბში სპეციალურად მიჰყავდათ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ტურისტებს არწმუნებდნენ, რომ მოუწევდათ მხოლოდ შესვლის საფასურის გადახდა და მათ უფასო სასმელით გაუმასპინძლდებოდნენ.
ბრალდებულები ტურისტებს ანგარიშსწორებისას სთხოვდნენ გადაეხადათ მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასური, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ზემოხსენებული ხერხით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულად თანხას, მათ შორის, ისრაელის, იორდანიისა და რუსეთის 7 მოქალაქის კუთვნილ 1.600 ლარსა და 2.350 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სპეციალური საპოლიციო ღონისძიება, რა დროსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, დედაქალაქის ცენტრში მდებარე „ნაის ქლაბში“ 20-21 ივნისის ღამეს ჩატარდა.
წყარო - პროკურატურა