საქართველოში ბოროტმოქმედებმა აშშ-ში მანქანის შეძენის მსურველთა თანხები მიითვისეს

უწყების ცნობით, შსს აგრძელებს გამოძიებას სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდებისა და დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე პირების დადგენის მიზნით.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველი უწყება ბრალდებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „ქართრეიდის“ დილერმა და ამავე კომპანიის დირექტორებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის შეძენის მსურველი 7 პირისგან ჯამში 267,9 ათასზე მეტი აშშ დოლარი მიიღეს, საიდანაც ავტომობილების შესაძენად მხოლოდ 145,2 ათასი აშშ დოლარი გადარიცხეს, ხოლო 122,7 ათასზე მეტი აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს.
სამივე პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს.
წყარო - პროკურატურა