თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი დღეს, დილით თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 169-ე კილომეტრზე რამდენიმე ადგილზე ჩამოწვა, რამაც საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა.
ავტომობილების მოძრაობა ისევ დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება.
კერძოდ, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დაშვებული იქნება ორმხრივად 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო პირველად 30 მარტს აიკრძალა.
ავტომაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა 10 აპრილს აღდგა სპეციალური რეჟიმით – დღისით სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხოლო ღამით – სატვირთო მანქანებისთვის.
რიკოთის უღელტეხილი
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
გზა რიკოთის უღელტეხილზე საკვანძოა. ის აკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს და „აღმოსავლეთი-დასავლეთის“ საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილია.