თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცი, რომელმაც რძალი დაჭრა, დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და მუქარის მუხლებით დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც პროკურატურა იუწყება, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის სექტემბერში ბრალდებული ქუთაისში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რძალს და მის მიმართ ძალადობა განახორციელა. ასევე ბრალდებულმა 2022 წლის 18 ოქტომბერს დაზარალებულის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით დაზიანებები მიაყენა მას.
სამართალდამცველებმა მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობის, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარის მუხლებით წარედგინა.
პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
წყარო - პროკურატურა