რატომ არის შეუძლებელი საქართველოში დეპოლარიზაციის მიღწევა - კობახიძის პასუხი

დეპოლარიზაცია არის ევროკავშირის 12-დან ერთ-ერთი პირობა, რომელთა შესრულებაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად სჭირდება.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოში დეპოლარიზაციის მიღწევა შეუძლებელია მანამ, სანამ ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურად მოქმედებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.

„არის გარკვეული პუნქტები, რაზეც ჩვენ გვჭირდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერა, ეს არის, პირველ რიგში, დეპოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ცალმხრივად ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას დეპოლარიზაციაზე. ვიდრე ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია არის შეუძლებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან მმართველმა გუნდმა პასუხისმგებლობით იმოქმედა მაშინ, როდესაც საჭირო იყო კანონების მიღება, თანამდებობის პირების არჩევა, აღნიშნა მან.
„ყველა შესაბამისი პუნქტი არის შესრულებული. ჩვენს ანგარიშს ქართულ საზოგადოებასა და ასევე საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ წარვუდგენთ. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველი. იმედი გვაქვს, რომ წელს, შარშანდელი გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, ახალი გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება“, – აღნიშნა კობახიძემ.
მანამდე პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ საქართველო ივნისის ბოლომდე რეკომენდაციებზე მუშაობას დაასრულებს და მიიღებს ყველა აუცილებელ კანონს.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნავს, რომ შეუსრულებელი დარჩება მხოლოდ პირველი პირობა პოლარიზაციის შემცირების თაობაზე და ამაში ისინი ოპოზიციას ადანაშაულებენ.
ევროკომისია რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ანგარიშს წარმოადგენს >>
ევროკომისიამ 2023 წლის 1 თებერვალს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საქართველოს მთავრობის მუშაობა უმრავლეს სფეროებში დადებითად არის შეფასებული. საუბარია საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებაზე ევროკავშირთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, ფინანსური კონტროლი, გარემო, მეცნიერება და განათლება და სხვ.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს? თბილისი ევროკომისიის ანგარიშს ელოდება >>
პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.