თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოში McDonald's-ის რესტორნების ქსელში მიმდინარე ლგბტ პროპაგანდა არის ამორალური და მიუღებელი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
12 ივნისს გავრცლდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ McDonald's-ის „ჰეფი მილის" საბავშვო მენიუში გამოჩნდა სასაჩუქრე წიგნი, რომელშიც მოთხრობილია მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრებაზე, მის და დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობასა და შვილების შესახებ. ავტორი მკითხველს მოუწოდებს, წაკითხვის შემდეგ წიგნი სხვასაც გადასცეს და ამით „სიცოცხლე აჩუქოს მკითხველს". 12 ივნისის დღის ბოლოს წიგნები სასაჩუქრე ნაკრებიდან ამოიღეს.
„ამ პროპაგანდას ეწეოდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორნების ქსელი McDonald's. ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ის, რომ ჩვენთანაც უნდა მივიღოთ, ასე არ მოხდება. მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და ახალგაზრდებში ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია.
„რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი ცხოვრების წესის არჩევის უფლება, ჩვენ არავის საქმეში ან პირად ცხოვრებაში არ ვერევით, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება. ჩვენ ამას დავიცავთ", – განაცხადა პრემიერმა.
მანამდე ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის ერთსქესიანი ოჯახის შესახებ წიგნის გამოჩენა კრიტიკულად შეაფასეს საქართველოს საპატრიარქომ და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ცნობილი ქსელის პირველი რესტორანი თბილისში ქართველმა ბიზნესმენმა და „მაკდონალდს საქართველოს" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ 1990-იან წლებში გახსნა. ახლა საქართველოში McDonald's-ის ოცზე მეტი სწრაფი კვების რესტორანია. გარდა ამისა, ბიზნესმენი ფლობს Coca-Cola-ს ქარხანას და სხვა ბიზნესებს.