თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით თბილისში რვა პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 24-დან 55 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი რამდენიმე პირია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელები გაურიგდნენ ტაქსის მძღოლებს, რათა ტურისტები კონკრეტულ ბარში მიეყვანათ. აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალი კი ტურისტებს მომსახურებისა და შეკვეთილი პროდუქციისთვის შეუსაბამო თანხას ახდევინებდა. ამასთან, დაწესებულების პერსონალი დაზარალებულებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას ახორციელებდა.
სპეციალური საპოლიციო ღონისძიება დედაქალაქის ცენტრში ჩატარდა. დანაშაულის ჩამდენი პირები პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.