თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ყაზახეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასტანაში გამართულ მოლაპარაკებებზე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარებაში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, იუწყება ყაზახეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
შტაინმაიერი ყაზახეთში ტოკაევის მიწვევით გუშინ ჩავიდა სახელმწიფო ვიზიტით.
„ხაზი გაესვა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების ფარგლებში ურთიერთქმედების გააქტიურების მნიშვნელობას, ნავთობისა და გაზის, მწვანე ენერგეტიკისა და მრეწველობის სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებას“, — ნათქვამია განცხადებაში.
პრეს-სამსახურის ცნობით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს პოლიტიკური დიალოგის, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის, საინვესტიციო, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
TITR - იგივე „შუა დერეფანი“ — ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და შავი ზღვის გავლით გადის ევროპისკენ. TITR მოიცავს 20 კომპანიას, მათ შორის სარკინიგზო ადმინისტრაციას, პორტებს, გადაზიდვებს და სხვა სატრანსპორტო კომპანიებს რვა ქვეყნიდან.