დასახელდა ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირი ჩაანაცვლეს

Sputnik
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რუსეთის საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირი ჩინეთმა, ინდოეთმა, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ჩაანაცვლეს, განაცხადა ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში.
მისი თქმით, „ჩინეთი ძალიან სერიოზულად იზრდება“ და ამოცანა, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა დაისახეს 200 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვის კუთხით, „თუ რაიმე კატაკლიზმები არ მოხდება“, უკვე წელს შესრულდება.
დავიდოვის განმარტებით, ასევე აქტიურად იზრდება სავაჭრო ბრუნვა ინდოეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან.

„ამ ქვეყნებმა უკვე ჩაანაცვლეს ჩვენი ვაჭრობა ევროპასთან: სამხრეთის და აღმოსავლეთის მიმართულებები ძალიან აქტიურად ვითარდება“, — აღნიშნა დავიდოვმა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, ევროსტატის მარტის მონაცემებით, რუსეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს რვაწლიან მაქსიმუმს — 258,6 მილიარდ ევროს მიაღწია. ამასთან, რუსეთიდან ევროპული ქვეყნების მიმართულებით იმპორტი ისტორიული მაქსიმუმის დონეზე აღმოჩნდა.
გერმანია, დავიდოვის თქმით, რუსეთის სავაჭრო პარტნიორების ათეულში რჩება, თუმცა დიდად შემცირდა ნიდერლანდის წილი, რომელიც როტერდამის პორტით ნავთობის გადაზიდვის გამო ყოველთვის პირველ სამეულში იყო.